|
თაი ძი ჯანმრთელობისათვის ხანდახან თაი ძი ციუანს ჩინურ იოგასაც უწოდებენ, რადგან მისი სამკურნალო ზემოქმედება ხორციელდება ფიზიკური ვარჯიშებისა და თვითშთაგონების შერწყმით. უნდა ითქვას, რომ თაი ძის ვარჯიშები ინდური სისტემის რთული პოზებისაგან ბუნებრიობით და მოძრაობათა ჰარმონიულობით გამოირჩევა. თაი ძი-ს ოსტატთა აზრით, ჯანმრთელობის აღსადგენად, სულიერი დამშვიდებისათვის საჭიროა გავიაროთ ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის გზა. სწორედ ჰარმონიით გამოირჩევა აღმოსავლური ტანვარჯიშის მოძრაობები, რომლებიც დიდი მდინარის დინებასა და ცაზე ღრუბელთა სვლას ჰგავს. თაი ძი ციუანის ნარნარი, აუჩქარებელი მოძრაობები ჰარმონიულად ერწყმის მთებისა და ტყეების სიდიადეს, რომლებიც მეცადინეობისათვის საუკეთესო გარემოდ ითვლება. თაი ძი ციუანის ჟესტები უნდა იყოს ასევე ნაზი და რბილი, როგორც ვარდის ფურცლები გაფურჩქვნის ჟამს და ეს სახე სურნელოვანი ყვავილისა თან სდევს მოვარჯიშეს ყოველი მოძრაობის შესრულებისას, რათა მისი გახევებული სახსრები და კუნთები, აშლილი ნერვები და ვენები ისე ნელა და თანდათან აივსოს სოცოცხლით, როგორც მზის სხივებით გამთბარი ვარდის ფურცლები. ნებისმიერი დაძაბულობა და საკუთარ თავზე ძალდატანება მხოლოდ ხელს შეუშლის ბუნებრივ ზრდას, ისევე როგორც ვარდის კოკრის ძალით გაზრდა ღუპავს ყვავილს. თაი ძი ციუანს შინაგან ტანვარჯიშს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მასში შემავალი ვარჯიშები არ მოითხოვს ნებისყოფის ისეთ დაძაბვას, როგორსაც მაგალითად სირბილი. ეს არ არის ხილული დაძაბულობა, სამაგიეროდ, მუდმივად ჩართული გონება თვალყურს ადევნებს ჟესტებს, რათა მათ შეინარჩუნონ სირბილე და წყნარი მდინარის აუჩქარებელ დინებას დაემსგავსონ. სიტყვა "შინაგანი" ზრდის გამაჯანსაღებელ ტანვარჯიშში ფსიქიკური ელემენტის მნიშვნელობას, რითაც იგი განსხვავდება ფიზიკური ვარჯიშების ევროპული სისტემებისაგან, რომლებსაც წმინდა მექანიკური ხასიათი აქვთ და ამ ელემენტებს არ შეიცავენ. გაჯანსაღების აღმოსავლური სისტემების ჰარმონია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სხეულთან ერთად ვარჯიშობს გრძნობები და ტვინი. აუტოგენურმა ვარჯიშმა დაამტკიცა თვითშთაგონების მაღალი ქმედითობა სტრესთან ბრძოლაში. თაი ძი ციუანში აუტოგენური ვარჯიშის ქმედითობა ერწყმის ფიზიკური ვარჯიშების ქმედითობას, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას და სპობენ ფიზიოლოგიური პროცესების დისბალანსს, ადუნებენ სხეულს და აწყნარებენ გონებას, რისი წყალობითაც ადამიანს უბრუნდება შინაგანი ჰარმონიის და სულიერი წონასწორობის შეგრძნება. თაი ძი ციუანის შემოქმედება, რასაც თვით მოძრაობების სტრუქტურა და ხასიათი წარმოშობს, განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ჰიპერტონიაზე, ახდენს სისხლის წნევის რეგულირებას, რომელიც, როგორც წესი, იზრდება სტრესულ სიტუაციებში მუდმივი დაძაბულობის გამო. თაი ძი ციუანის ვარჯიშების კომპლექსის ერთჯერადი შესრულებაც კი (რაც 10 წუთს გრძელდება) წნევის გაწონასწორებას და გულის მუშაობის მოწესრიგებას განაპირობებს. ყოველდღიური ვარჯიშის შედეგად მიღებული ეფექტი იწვევს შეუქცევად დადებით ცვლილებებს და ზრდის სტრესისა, თუ სხვა სახის გადატვირთვის მიმართ წინააღმდეგობას. "ჰაერში ცურვის" მსგავსი ძალდაუტანებელი მოძრაობები თაი ძი ციუანს მისაწვდომს ხდის დაუძლურებული ავადმყოფებისათვისაც კი, საშუალებას აძლევს მათ უმტკივნეულოდ ივარჯიშონ პერიფერიული ნერვული სისტემისა და სახსრების ზოგიერთი დაავადების დროს. თაი ძი ციუანის მოქმედების ეფექტს ნემსით ჩხვლეტას უკავშირებენ. ამ უკანასკნელის ტრადიციული თეორიის მიხედვით, ადამიანის კანქვეშ განსაკუთრებული ტრაექტორიებით განლაგებულია ე.წ. "მერიდიანები", ანუ "სასიცოცხლო ენერგიის" სადინარი არხები. ამ ენერგეტიკული დინების გადაღობვა იწვევს ავადმყოფობას. ნემსით ან მასაჟით ზემოქმედება ხსნის ასეთ წინააღმდეგობას. თვლიან, რომ ძველთაძველი აღმოსავლური ტანვარჯიშის მოძრაობები სპობს ასეთ "ენერგეტიკულ საცობებს", აღადგენს სიცოცხლეს დაუძლურებულ ორგანოებში. თაი ძი ციუანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თვით ჩინეთში ეს ტანვარჯიში ფართოდ გამოიყენება სახალხო მკურნალთა საექიმო პრაქტიკაში - გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუჭ-ნაწლავისა და სხვა ორგანოების დაავადებათა მკურნალობის დროს; ასევე განიკურნება ისეთი დაავადებებიც, როგორიცაა, მაგალითად, ჰიპერტონია, რევმატიზმი, ასთმა, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (ჩიყვი), გასტრიტი, უძილობა, შაკიკი, დეპრესიული და ნევროლოგიური მდგომარეობები. თაი ძი ციუანს წამლებით თერაპიაზე ნაკლები ეფექტი როდი მოაქვს. ჯერ კიდევ 50-იან წლებში ამერიკელთა და ჩინელ მედიკოსთა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ თაი ძი ციუანს დიდი მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ დარღვევათა პროფილაქტიკისათვის. თაი ძი ციუანში ვარჯიშის დამწყებმა უნდა იცოდეს, რომ ეს ხელოვნება აღადგენს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს სუნთქვას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და, რაც მთავარია, არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებასა თუ მოწყობილობას. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მოვარჯიშის სხეულის წონა ნორმალური ხდება, გონება - ნათელი, ხასიათი - რბილი, ხოლო სასიცოცხლო ძალა იმატებს, ვარჯიში ხელს უწყობს საჭმლის უკეთ მონელებას და აჯანმრთელებს თირკმელებს. რაც, თავის მხრივ, ძლიერ რგებს კანს, დაბლა იწევს სისხლის წნევა, სისხლძარღვებს უბრუნდება ელასტიურობა, რაც იცავს ადამიანს აპოპლექციისგან. თავიდან ვიცილებთ მარილების დაგროვებას, ყურთასმენა გვიმახვილდება, ხმა ცოცხალ ჟღერადობას იძენს, კბილები და ღრძილები მაგრდება. ითვლება, რომ ისინი, ვისაც ნევრასთენია, მაღალი წნევა, ანემია, ტუბერკულოზი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დამბლა ან თირკმელების დაავადება აქვთ, რამდენიმე თვის უწყვეტი ვარჯიშის შემდეგ გარკვეულ შვებას იგრძნობენ. თაი ძი ციუანით ხანგრძლივი და მუდმივი ვარჯიში გვასწავლის სხეულის სრულყოფილად ფლობას, გვილამაზებს აღნაგობას, ხვეწს მიხვრა-მოხვრას, გვიმაღლებს ემოციურ ტონუსს. თაი ძი ციუანი - ეს არის ნაცადი გზა ჯანმრთელობისაკენ. როგორც ოსტატები ბრძანებენ, ის ვინც რეგულარულად, ყოველდღე და სწორად მეცადინეობს, აღწევს ბავშვის მოქნილობას, ხის მჭრელის ჯანმრთელობას და ბრძენის სიმშვიდეს. |