|
არსებული ინფორმაცია თაი-ძის წარმოშობის შესახებ ჩინელი ოსტატების აზრით ჩინური საბრძოლო ხელოვნებები დასავლური სამყაროსათვის ჯერ კიდევ უცხოა. ჩინური საბრძოლო ხელოვნებების ისტორიის გაცნობა დასავლეთში გასული საუკუნის 50-იან წლებიდან დაიწყო. თუმცა მანამდე რამოდენიმე ოსტატს თავიანთ ხელოვნებებს ასწავლიდნენ იქ, მაგრამ ფართო აუდიტორია არ იცნობდა. ჩინელი ოსტატების აზრით, მხოლოდ წინა საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ჩინელ ოსტატ ჩენ მან ცინის წიგნების გამოსვლით ევროპასა და ამერიკაში თანდათან პოპულარული გახდა თაი-ძი ციუანი. თუმცა, მათი თქმით, უამრავი ხალხი, რომელიც თაი-ძიში ვარჯიშობდა, იუმჯობესებდა თავის ჯანმრთელობას, მაგრამ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უდიდესი კულტურული განსხვავების გამო უმრავლესობამ მაინც ვერ შეძლო ამ საბრძოლო ხელოვნებების, განსაკუთრებით მისი შიდა ასპექტების, გაგება. ჩინელი ოსტატების თქმით, გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, ოსტატ ბრიუს ლის კინოფილმებმა მსოფლიოში წარმოშვა ჩინური საბრძოლო ხელოვნებების ნამდვილი ბუმი. კინოში მისმა მუშაობამ დიდი დახმარება გაუწია დასავლურ პუბლიკას და გააცნობიერა ისინი ჩინური "უ-შუ"-ს პოტენციალის შესახებ. ცნობილია, რომ ჩინური საბრძოლო ხელოვნებების ისტორია 4000 წელს ითვლის. მსოფლიოში გაბატონებული აზრის მიხედვით, შიდა სტილების საბრძოლო ხელოვნება - "თაი-ძი ციუანი" დაახლოებით 1101 წელს შექმნა ჩინელმა ლეგენდარულმა პიროვნებამ ჩან-სან ფენმა (სუნის ეპოქა). ასევე ცნობილია, რომ ამ საბრძოლო ხელოვნების ტექნიკა და ფორმა იმ ბაზურ პრინციპებს ემყარება, რომლებიც გამოიყენებოდა ჩინეთში დინასტია ლიანის (502-557) დროს და ისწავლებოდა ისეთი დიდი ჩინელი ოსტატების მიერ, როგორებიც იყვნენ ჰან გუნ-იუე, ჩენ ლინ-სი და სხვა. მოგვიანებით, ტან (618-907) დინასტიის დროს - სიუი სიუან-ცინი და სხვანი მსგავსი ტექნიკის მქონე საბრძოლო ხელოვნებებს ასწავლიდნენ. როგორც თანამედროვე ჩინელი საბრძოლო ხელოვნებების ოსტატები აცხადებენ, ამ მონაცემების უტყუარობა ეჭვქვეშაა დაყენებული. ამიტომ ზუსტად არ ვიცით თუ ვინ და როდის შექმნა თაი-ძი ციუანი. ასე რომ ჩინელი ოსტატის იან ცზიუნ-მინის სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის გამო, რომ ჩან სან-ფენზე მრავალი ისტორიული მონაცემები არ არსებობს, ხშირად თაი-ძი ციუანის შექმნას მას მიაწერენ. იგივე ითქმის საბრძოლო ხელოვნებების დანარჩენი შიდა სტილების თაობაზეც: "ხუთი პირველელემენტის შეცნობის ხელოვნება", ანუ "სინ-ი ციუანი" და "რვა ტრიგრამის შეცნობის ხელოვნება", ანუ "ბა-გუა ციუანი". "სინ-ი ციუანი"-ს აღმოცენებას მიაკუთვნებენ არაუგვიანეს ლიან (550 წ.) დინასტიის ეპოქას და მსოფლიოში ბევრ მოვარჯიშეს, რომლებიც "სინ-ი ციუანში" ვარჯიშობენ, მიაჩნია რომ მათი ხელოვნება, ისევე როგორც "თაი-ძი ციუანი", მთა "უდანიდან" (ჩინურად "უდან-შან"), ჩინური დაოსიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრიდან, ჩამოვიდა დედამიწაზე. "ბა-გუა ციუანის" სკოლა "რვა ტრიგრამის თეორიას", ანუ "ბაგუას" თეორიას ეფუძნება და მის წყაროს "64 ჰექსაგრამა", ანუ "ი-ძინი" წარმოადგენს. |