|
ინფორმაცია მოძრაობების, ცეკვების, სიმღერების და რიტუალების შესახებ ცეკვა - ცხოვრების ფაქიზი (ნატიფი) ენერგიების გამოღვიძებისა და გააქტიურების ნამდვილად ქმედითი საშუალებაა. ცეკვა და მოძრაობა - სამყაროს მახასიათებელი ნიშანია. მცენარეები გრაციოზულად იგრიხებიან, ქარის გავლენით ირხევიან და მზისკენ მიისწრაფიან. ფრინველები და ცხოველები სხვადასხვა მოძრაობებით და პოზებით გამოხატავენ თავიანთ სურვილებსა და აზრებს. ბუნებაში ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია მუსიკალურობა და რითმის გრძნობა. ადამიანის ტანი მოძრაობისათვისაა შექმნილი და ნებისმიერ ადამიანს ძალუძს შეისწავლოს ნებისმიერი მოძრაობა თუ ცეკვა, ამას არ ესაჭიროება სპეციალური ხანგრძლივი მომზადება. თუ ადამიანი ხელოვნების დონემდე ასულ მოძრაობებს ან ცეკვებს შეისწავლის, ეს მოძრაობები მისი შემოსაზღვრული ცნობიერების ზღვარს გააფართოებს და აღქმას უმაღლეს დონემდე აიყვანს. ჩვენს სკოლაში მოვარჯიშე შეისწავლის მაგიური მოძრაობების ხელოვნებას ძალიან მარტივი ცეკვის მეთოდით და მისი ათვისების შემდეგ მას შეეძლება გახსნას თავის თავში აქამდე მალულად მყოფი ენერგიის წყაროები. იგი შეიცნობს მაგიური მოძრაობების საშუალებით გამოწვეული ენერგიის ზემოქმედებას. ეს არა მარტო მოვარჯიშის ნიჭიერებაზე იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზეც თუ რამდენად გადააქცევს იგი ამ მოძრაობებს თავისი ცხოვრების წესად. ისეთ მოვარჯიშესაც, რომელსაც თუნდაც ოდნავ გადაადგილების (მოძრაობის) საშუალება გააჩნია, თავისუფლად შეუძლია ივარჯიშოს ამ შიდა ენერგეტიკული მოძრაობის ხელოვნებაში. მაგიური ცეკვები - ეს ცხოვრების დღესასწაულია. იგი მოვარჯიშეში ბავშვურ მდგომარეობას აღვიძებს, რის შემდეგადაც მშვენივრად გრძნობს სამყაროს რითმს. ცეკვების მეშვეობით მოვარჯიშე იმ ძალას აღვიძებს, მიმართავს და იყენებს, რომელსაც მისთვის გასხივოსნების და გაფურჩქვნის მოტანა შეუძლია. მაგიური მოძრაობები და ცეკვები მოვარჯიშეს საკუთარი ცხოვრების წმინდა მსახურად აქცევს. მაგიური მოძრაობა სარიტუალო ცეკვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, იგი უძველეს საქართველოში კოსმიურ ღვთაებათა მიმართ ქმედითი სარიტუალო ფორმა იყო (იხ. ცეკვა "სამაია"). ძველ კოლხთა და იბერთა რიტუალები შემსრულებლის ორგანიზმში ნატიფი ენერგიების გამოღვიძება-გამომუშავებას და გააქტიურებას ემსახურებოდა. უძველესი სარიტუალო წესების მიხედვით ჩატარებული მოძრაობების და ცეკვების დღესასწაული ჭეშმარიტად წმინდათაწმინდა ცეკვაა, რომელიც ფიზიკური ილეთების საშუალებით მათში მონაწილე პიროვნებების ცნობიერების ჩაწერტებას (კონცენტრირებას) და მის განწმენდა-გაძლიერებას ემსახურება. |