|
საბრძოლო თაი ძი გაოცებას იწვევს იმ ავტორთა პოზიცია, რომლებიც ხელოვნება თაი ძი ციუანს კვლავ ჯიუტად უწოდებენ "აღმოსავლურ გამაჯანსაღებელ ტანვარჯიშს" ან "უ შუს სამკურნალო განაკვეთს" და ა.შ. "ვინც ჭეშმარიტად რაინდია - არ მძლავრობს, ვინც ჭეშმარიტად მებრძოლია - არ მრისხანებს, უფრო დიდი უბედურება არაფერია - გძულდეს მტერი შენი" - მართლაც ძნელია შიდა სტილებში ჩაუხედავი პიროვნებებისათვის სერიოზულად აღქმა, მით უმეტეს გათავისება, განსაკუთრებით - საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში: მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, არ გძულდეს მტერი შენი; არ იმძლავრო, თუკი `ძალა შეგწევს ქადილისა, არ იყო მრისხანე, როცა თავი სწორუპოვარ მებრძოლად მიგაჩნია - მაშ რისი მებრძოლი ხარ! როგორ თუ "ვინც ნაწრთობია მჭერმეტყველებაში - დუმს?!" როგორ თუ "ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს?!" ვის რაში სჭირდება ასეთი სიბრძნე? ...ეს ციტატები "და დე ძინი"-დანაა - დაოსიზმის წმინდა წიგნიდან, ზემოთჩამოთვლილი მცნებანი კი ანბანია იმ ფილოსოფიური მოძღვრებისა და იგი აღმოსავლეთ-აზიური საბრძოლო ხელოვნების ფილოსოფიურ-იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. საბრძოლო ხელოვნება ეყრდნობა აგრეთვე ტრადიციული აღმოსავლეთ აზიური მედიცინის ცოდნას, მისი ძირითადი ცნებებია: "კოსმიური ენერგია, რომელიც სხეულის "მერიდიანებში" (ენერგო-არხებში) ცირკულირებს, "სიკვდილისა" და "სიცოცხლის" ენერგო აქტიური წერტილები და სხვა. ეს ცნებებიც ასევე ძნელი გასათავისებელია "კოსმიური ენერგიის შიდა სამზარეულოში ჩაუხედავი" პიროვნებებისათვის, რამდენადაც ევროპულმა მედიცინამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ამ მცნებათა შესატყვისი მატერიალური ობიექტების აღმოჩენა ჩვენს ორგანიზმში, თუმცა აღმოსავლეთ-აზიური მედიცინის მიღწევები კარგა ხანია საყოველთაოდაა აღიარებული. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია სასიცოცხლო კოსმიური ენერგიის ინტენსიურ დაუბრკოლებელ ცირკულირებაზე "მერიდიანებში" ("არხებში"). ეს პროცესი კი შესაძლებელია ვმართოთ - ერთი მხრივ, სპეციალური ვარჯიშების სისტემატური შესრულებით, მეორე მხრივ კი - "სასიცოცხლო ენერგო წერტილებზე" ზემოქმედებით. მკურნალობისას ამ ენერგო აქტიურ წერტილებზე მოქმედებენ (სხვადასხვანაირად) კოსმიური ენერგიის ცირკულირების გასაძლიერებლად, ხოლო ორთაბრძოლის დროს (ასევე სხვადასხვანაირად) კოსმიური ენერგიის ცირკულირების გასაძლიერებლად, ხოლო ორთაბრძოლის დროს (ასევე სხვადასხვანაირად) - ცირკულირების შესასუსტებლად, ანდა - სულაც შეწყვეტის მიზნით, რასაც ლეტალური მდგომარეობა მოსდევს. აღმოსავლეთ-აზიური საბრძოლო ხელოვნების ყველა სახეობა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიმდინარეობას მიეკუთვნება იგი, ე.წ. "შიდა", თუ "გარე" მიმდინარეობას, გულისხმობს როგორც კოსმიური ენერგიის გამოყენებას, ისე "სასიცოცხლო ენერგო წერტილებზე" და "მერიდიანებზე" ზემოქმედებას, თუმცაღა სხვადასხვა გზით: ზოგ სახეობაში ეს ზემოქმედება უფრო უხეშია, ძალისმიერია ("გარე" სტილებში), ერთი შეხედვით სიმბოლურიც, კი და სწორედ ეს გარეგნული "უვნებლობა" ყველაზე დიდი საშიშროებაა მოწინააღმდეგისათვის, რომელიც იმალება "შიდა" სტილებში, უპირველეს ყოვლისა კი - თაი ძი ციუანში - "მუშტის" გამოყენების ხელოვნების დიად ზღვარში (შესაძლებლობაში). თუ კარატეს ან კუნ-ფუს ოსტატი უძლიერეს პითონს შეიძლება შევადაროთ, რომლის კუდის მოქნევაც კი უდიდესი დამანგრეველი ძალისაა, თაი ძი-ს ოსტატი კობრას მოგვაგონებს, რომელიც თავისი შხამით ერთნაირად საშიშია, მიუხედავათ ფიზიკური "სისუსტისა", ნებისმიერი სულდგმულისათვის, იგივე პიტონისთვისაც კი. თაი ძის დიდოსტატები ერთი მხრივ ზედმიწევნით ფლობენ სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშთა კომპლექსებს, რომლებიც ემსახურება კოსმიური ენერგიის გამოღვიძებას, მისი მართვის, კერძოდ, "შემტევ ენერგო აქტიურ წერტილებში კონცენტრაციის უნარის გამომუშავებასა და ამ უნარის გაძლიერებას. მეორე მხრივ, კი მათ ძალუძთ სწრაფად "ინტუიციურად" აღმოაჩინონ ესა თუ ის "სასიცოცხლო" ენერგო აქტიური წერტილი (ჩაცმული მოწინააღმდეგის და არა შიშველის) სხეულზე და იმოქმედონ მასზე საკუთარი კოსმიური ენერგიით. ამ ზემოქმედების შედეგი შეიძლება სულ სხვადასხვა იყოს: მოწინააღმდეგის შოკირება - გაშეშება, მისი ამა თუ იმ ორგანოს დროებით ან მთლიანად წყობილებიდან გამოყვანა და შესაბამისად მოპირდაპირის დროებით ნეიტრალიზება და ა.შ. გასაგებია, რომ ასეთი უნარის დიდოსტატი ფაქტიურად მოწინააღმდეგეებზე ზემოქმედების განუსაზღვრელ შესაძლებლობას ფლობს და სურვილის შემთხვევაში შეუძლია თავის ნებას დაუმორჩილოს ისინი. სწორედ ამიტომაა, რომ თაი ძი-ს ნამდვილი დიდოსტატები თავად ეძებენ და ირჩევენ თავიანთ განდობილ შეგირდებს. რამდენადაც საბრძოლო თაი ძი-ს სწავლების "სრული კურსი" მრავალწლიანია (როგორც წესი, ორ-სამ ათეულ წელს მოიცავს) და ამ ხელოვნების ჭეშმარიტ სიბრძნეში "ჩაწვდომისათვის" შეგირდებს დიდი ნებისყოფის და მოთმინების ძალა უნდა გააჩნდეთ. ასევე, რამდენადაც "ენერგია" ადამიანის სასიცოცხლო ძალაა, ვარჯიშთა კომპლექსები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, მის გაძლიერებასა და მართვის უნარის გამომუშავებას ისახავს მიზნად, შეიძლება დაავადებული ან დასუსტებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვილაპარაკოთ თაი ძი ციუანზე, როგორც გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კომპლექსებზე. მაგრამ, ისევ და ისევ, ეს "მედლის მეორე მხარეა", და მის თაობაზე საუბარია გვერდზე "თაი ძი ჯანმრთელობისათვის". ზოგადად კი თაი ძი არა მარტო ისევეა საბრძოლო ხელოვნება, როგორც კუნ-ფუ, უ-შუ და სხვანი, არამედ ამ ხელოვნების "დიად ზღვრადაა" აღიარებული აღმოსავლეთში. ჩვენს ახალ ეპოქაში, მეცნიერულ ტექნიკური პროგრესისა და ადამიანურ სათნოებათა, ზნეობრივი დეგრადაციის საუკუნეში იშვიათად თუ ახერხებს ვინმე ქედმაღლობასა და ამპარტავნობას თავი აარიდოს. ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თაი ძი ციუანის "ექსპერტთა" ცოდნაც ვერ სცილდება "გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა" სფეროს, ხოლო მათი პუბლიკაციები გადამღერებაა ერთი და იგივე, მკითხველთათვის მრავალგზის მიწოდებული მასალისა. ეს იმას ჰგავს, კაცს რომ ცხვირი მთის ძირისათვის მიუბჯენია და, ცხადია, მთის მწვერვალს ვერ ხედავს. ჭეშმარიტია: "ბრძენი დუმს, უმეცარი-ქადაგებს". დიახ, სამწუხაროდ, "ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი, ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი". |